მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » არავერბალური კომუნიკაცია
3:58 PM
არავერბალური კომუნიკაცია


არავერბალური კომუნიკაცია, ეს არის კომუნიკაციის პროცესი, როდესაც მეტყველების გარეშე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ესენი შეიძლება იყოს: სხეულის ენა, სახის გამომეტყველება, პოზა, თვალებით კონტაქტი. სიტყვები გვაწვდიან ჩვენ ლოგიკურ ინფორმაციას, ჟესტები მიმიკა და ხმის ტემბრი კი ამ ინფორმაციას ამყარებენ.
იცით თუ არა რომ, მეტყველებით ინფორმაციის მხოლოდ 7%-ის გადაცემა ხდება, ხოლო არავერბალური კომუნიკაციისას 92%-ის. აქედან ჟესტებს, პოზას და სახის გამომეტყველებას დაახლოებით 55% უჭირავს, 38% კი ხმის ინტონაციასა და საუბრის ტემპს.
ვერბალურ კომუნიკაციას ანუ მეტყველებას ძირითადად თავისუფლად ვაკონტროლებთ. საქმე სხვანაირადაა არავერბალური კომუნიკაციისას. ის არ ექვემდებარება ცნობიერს და ქვეცნობიერად ხდება მათი ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ეს ორი გზა ემთხვეოდეს ერთმანეთს, აი თუ არ ემთხვევა საქმე ცუდადაა, გვეუბნებიან ერთს, ფიქრობენ მეორეს. მათი ქვეცნობიერი კი გასცემს მათ.
შევეცდები რამოდენიმე ჟესტი აგიხსნათ.
ყველაზე გავრცელებული ჟესტია ხელების გადაჯვარედინება მკერდთან. ეს ჟესტი შეიძლება მეტყველებდეს ადამიანის შებოჭილობაზე, დაძაბულობაზე. თუ მოსაუბრეს ხელები გადაჯვარედინებული აქვს და თან ოდნავ უკან არის გადახრილი, ამ შემთხვევაში ის ქმნის ქვეცნობიერ ბარიერს თქვნს შორის. თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება უბრალოდ ხელებს ითბობდეს. ამიტომ დააკვირდით სახის გამომეტყველებასაც. ასევე სრულიად შესაძლებელია, მას თქვენ კი არა, საუბრის თემა აღიზიანებდეს და ამ ჟესტით იცავდეს ქვეცნობიერად თავს.
ცხვირთან ან ტუჩთან თითის მიტანა, როცა ადამიანი გაუცნობიერებლად ეხება ცხვირს, ან აწვალებს ყურის ბიბილოს, ეს შეიძლება ტყუილის მიმანიშნებელი იყოს. თუ თქვენ საუბრობთ და ის გისმენთ, მაშინ მას ეჭვი შეაქვს თქვენს ნაამბობში. ტყუილისას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსაუბრის თვალებს. მოტყუებისას მას უჭირს თვალის გასწორება და შესანიღბად გადააქვს მზერა ან იფშვნეტს თვალებს.
როდესაც ადამიანი ქვედა ტუჩს ან ნიკაპს ეხება, ეს ნიშნავს, რომ ის გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.
როგორ გამოვიცნოთ მოწყენილია თუ არა ჩვენი თანამოსაუბრე. ეს ყველაზე მარტივია, რადგან ძნელია მოწყენილობის დამალვა და ქვეცნობიერი მარტივად გაგვცემს. ამ დროს ადამიანი იფხანს თავს, ამთქნარებს, მზერა გადააქვს, ისწორებს ტანსაცმელს, ან იცილებს არარსებულ მტვერს. თუ მაგიდაზე თითების კაკუნიც დაიწყო, ეს მოუთმენლობის ნიშანია და იცოდეთ, მას ერთი სული აქვს როდის მორჩებით საუბარს. თუ ხშირ-ხშირად კარებისკენაც იყურება, მაშინ გირჩევთ საუბარი სასწრაფოდ შეწყვიტოთ.

არსებობს მხედველობითი კონტაქტის რამოდენიმე გზა.
სოციალური გამოხედვა – ამ დროს მოსაუბრეს უყურებენ სახეზე, ცხვირზე, შუბლზე, ტუჩებზე.
საქმიანი გამოხედვა – ამ დროს მოსაუბრეს უყურებენ თვალებში ან შუბლზე.
ინტიმური გამოხედვა – ამ დროს მოსაუბრეს უყურებენ ტუჩებზე, თვალებში, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. სოციალური გამოხედვისგან განსხვავებით, ამ დროს გუგები გაფართოვებულია.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ჟესტებით ვერ იმსჯელებთ, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით თქვენს მეგობრებს, ნელ-ნელა შეისწავლით მათ ქცევას და მარტივად მიხვდებით, სინამდვილეში რისი თქმა უნდათ ან რას გიმალავენ.

კატეგორია: ფსიქოლოგია | ნანახია: 4468 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა