ბავშვი ვარ პატარა (ანა კალანდაძე) - 21 სექტემბერში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 21 » ბავშვი ვარ პატარა (ანა კალანდაძე)
7:26 PM
ბავშვი ვარ პატარა (ანა კალანდაძე)



შენ არ იცი და ვერასდროს გაიგებ,

რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა,

აბა ძვირფასო, შენ მე რას გამიგებ

მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა.

მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ უმწეო,

რომელსაც ცრემლები გრძნობები ჰგონია,

რომელმაც არ იცის რა არის დარდი

და ჩემი ცრემლები ბავშური გგონია. 

მაგრამ მე კი სულ თავზე გევლები,

ვითარც მოზრდილ ხეს ნიავი დილის,

მაგრამ შენ რათ გინდა ცრემლები ბავშვის

ბავშვი ხომ უბრალო რამეზე ტირის.

შენ არ იცი და ვერასდროს გაიგებ,

რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა,

აბა ძვირფასო შენ მე რას გემიგებ,

მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა...



#####

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაყვა ცადა. . .
ღრუბლებს გაყვა. . . სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .


######


ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...

######

და თქუა უფალმან კაენის მიმართ:
სადა არს აბელ, ძმაი შენი...
კაენ, სად არის აბელ?
სისხლის იკვრება რკალი...
სხვისას... არ იღებს ზეცა,
საკუთარს ითხოვს, კაენ!
შთამომავლობა შენი
დაფნით ვიდოდეს ყალბით!
დუმს ღვთაებრივი ქნარი, -
კაენ, სად არის აბელ?

####


ეს არის ჩემი მეგობრის სული –
თრთის და ციმციმებს, კრთება ნამივით...
აცვია თეთრი, სპეტაკი კაბა,
ხელში უჭირავს თეთრი ყვავილი...
აწვდის ვიღაცას თოვლისფერ ყვავილს...
ირგვლივ ყოველი თეთრია მისებრ...
ვუახლოვდები...
- ბავშვი არ იყო,
არ მომეკარო, მივდივარ ისევ!-
და ყვავილების ზღვა არი ირგვლივ
და გაზაფხულის ნიავქარივით
მიფრინავს ჩემი მეგობრის სული,
მიაქვს ზეცისკენ თეთრი ყვავილი...


#####


ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და... გამეხარდები!


####

მე შენ დაგხურავ ლამაზ გვირგვინს
და მით მიწიერს
ჩემს საიდუმლოს გაზიარებ,
ო,ფიქრთა ჩემთა...
მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე,
შენთვის ვიბრწყინებ,
აღვინთები და დავშრტები შენდა!

####
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
თქვი ჭიამარია!
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარია,
ვინ იცის, სად არის?..

####



კატეგორია: პოეზიის მარგალიტები | ნანახია: 1177 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა