მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » ჩარლი ჩაპლინის წერილი ჯერალდინას
11:15 PM
ჩარლი ჩაპლინის წერილი ჯერალდინას


მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! -ჩარლი ჩაპლინი

ახლა ღამეა. შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯარო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას, დედაშენსაც კი.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან, მაგრამ დაე თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის, ამ მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ? შორს ზღაპრულ პარიზში.ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ.
ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს ლამაზ თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისაგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე! იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე! მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე. ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
იცი კი რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან?!სულ პაწიას, ზღაპრებს გიყვებოდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: "გამშორდი-მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან!" მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა! ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს. ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, მოფარფატე ფერიას. მესმოდა როგორ ლაპარაკობდა ხალხი: "ხედავთ ამ გოგონას?! - ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია. არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?"
ხო, მე ჩარლი ვარ ბებერი მასხარა! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია, იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი, მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება- ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი, მე არ მეძინა,დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულის ფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: "ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?" შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა.. იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი მოწყალებას აგროვებდა! აი ჩემი ზღაპარი! მე ვიცი რა არის შიმშილი! ვიცი რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა?! - მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ....
შენ ჩემი გვარის ხარ-ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა.მაგრამ სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა?!-სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!..
ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო, შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ყავდეს და იმის ფულიც კი არ ჰქონდეს რომ თავიანთი მომავალი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაისტუმრონ. სხვას კი ყველას ზუსტად გადაუხადონ! დროდადრო მეტროში ჩადი.ქალაქი დაათვალიერე. იარე ფეხით, ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც უთხარი შენს თავს: "მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ!"-დიახ, შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან, პირველივე ტაქსი გააჩერე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე.მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს-შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო ლამაზებსაც, შენზე ამაყებს! შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მხოლოდ მთვარეა. დააკვირდი, აბა კარგად დააკვირდი: ხომ შენზე უკეთ ცეკვავენ?! -გამოტყდი ჩემო გოგონა! ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე უკეთ თამაშობს. და ეს გახსოვდეს ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლესათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას, ან სენის ნაპირზე მჯდარი მათხოვრისათვის დაეცინოს!
ჩარლი წავა ჯერალდინა და შენ იცოცხლებ.. მე არ მინდა , ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს-ხარჯე რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არისთქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვა უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც კი სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა, ჯერალდინა! - მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი რა მინდა გითხრა, ჩემო გოგონა, ადამიანს, ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზებს ამ ვერაგ თოკზე... შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ. გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს. ნუ გაცვლი შენს ფულს ოქროსა და ბრილიანტებზე! -იცოდე ყველაზე დიდი ბრიულიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ ყველას ერთნაირად დაგვნათის. ხოლო როცა ჟამი დაკრავს და სიყვარული გეწვევა, მთელი გულით შეიყვარე შენი რჩეული!...
მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება?! - თუ ასეა, ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ ასე, ნუ გეშინია. ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს ჯერალდინა, მე მინდა, რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.
ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე, ჩემო გოგონა. ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლები არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობა ღამე, სასწაულების ღამეა. მინდა რომ მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი- ყველაფერი რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა ჯერალდინა! ადრე თუ გვიან სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე- იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი- ჩარლი ჩაპლინი.
მე ანგელოზი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი...
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1207 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა