ნიჭიერი მწერალი (ვაჟა ფშაველა) - 9 სექტემბერში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » ნიჭიერი მწერალი (ვაჟა ფშაველა)
5:21 PM
ნიჭიერი მწერალი (ვაჟა ფშაველა)



(არ ახალია - ძველია)

საჭიროდ ვრაცხ ამ თავიდანვე გავაფრთხილო მკითხველი, რადგან სიტყვას „მწერალი" როცა ვხმარობ, ვიგულისხმებ პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვის დაერქმის ღირსეულად ეს სახელი?

რა ნიშნები ეტყობა უტყუარ ნიჭსა?

მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი „ენა" უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ, - მწერლის სულია. ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი „მე". ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის.

ამ განსაკუთრებულ დაღს რა ასვამს ნაწარმოებს და რა ჰხდის მას ადვილსაცნობლად?

ეს გახლავთ „ენა", რაშიაც უხილავად ჩაქსოვილია მთელი მისი ძლიერი სიცოცხლე, ავლადიდება. ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, აქ არის ჩაწმახნული, მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი წინადადებანი, საკუთარი სურათები, თუნდაც ისინი სხვის სურათებს ჰგავდეს, მაინცდამაინც თავისებურად უნდა იყოს გამოთქმული. მაშასადამე, ორიგინალობა უნდა ეტყობოდეს, ბეჭედი თავისებურებისა უნდა ესვას.

ეს, ვსთქვათ, გარეგანი ნიშნებია მწერლის ნიჭისა, ხოლო შინაგანი ღირსება ისაა, თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულობებისაა ეს მოვლენანი, რამდენად დამოკიდებულია ამ მოვლენებზე ბედი და უბედურობა, სიავე და სიკეთე ადამიანთა სიცოცხლისა, ცხოვრებისა, - და რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ, რამდენად გვიტაცებს, გვიმორჩილებს მისი ნაწარმოები, - ჩვენზე რამდენად ძლიერად მოქმედობს. ყოველი ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ მწერალი რამდენად ღრმადაა ჩახედული ცხოვრებაში, რამდენად ესმის საჭირბოროტო კითხვები ამ ცხოვრებისა და რამდენად ძლიერად იგრძნო მათი მავნებლობა, თუ სარგებლობა.

დიაღ, სარგებლობა და მავნებლობა...

ნუ გგონიათ, რომ ამას ანგარიშს არ უწევდეს პოეტი.
 
თუ სხვაში, ყველაფერში, დაბდური, უანგარიშო, დაუდევარია, ამ შემთხვევაში უაღრესად ანგარიშიანობას იჩენს, - იგი ადამიანთა ცხოვრების დარაჯია.

გენიოსების ნაწარმოები რომ განვსჭვრიტოთ ამ თვალსაზრისით, იქ უფრო ცხადად შეჰნიშნავთ ამას; ესაა მათი დამახასიათებელი, ესაა ღრმა, წამალდაუდებელი, მოურჩენელი წყლული იმათის გულისა. ცხოვრების და ბუნების გარეშე წარმოუდგენელია მწერალი, როგორც ყოველი სულიერი და უსულო არსება; წარმოუდგენელია ნიჭიერი მწერალი, გენიოსი, უიმისოდ, რომ იმას არ აწუხებდეს ტკივილები ადამიანთა ცხოვრებისა.

თუ ამას მიკლებულია, იქ ნიჭსა რა ესაქმის? იგი მაშინ მკვდარია, არარაობაა.

შეიძლება გენიოსების ნაწარმოებში ეს ადამიანთა ცხოვრების ტკივილები მკითხველს თვალში არ ეჩხირებოდეს, როგორც რეკლამა, მაგრამ აბა, მოჩიჩქნეთ, ღრმად მოუთხარეთ, ჩაიხედეთ კარგად, იქ რაოდენ ცრემლის ზღვას დაინახავს, ადამიანთა უბედურებისა გამო დანთხეულს!

რამდენადაც დიდი ნიჭის პატრონია მწერალი, მით უფრო მჭიდროს არის იგი დაკავშირებული ცხოვრებასთან, მის მწვავე საკითხებთან.

გენიოსი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქურანში და იმავე დროს ეს წუთისოფელიც სდუღს და ნახევრად მოხარშულიცაა გულში.

გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ; არ შეუძლიან აგრეთვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირსების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან.

გენიოსთა ნაწარმოებები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეტნოგრაფიუზეა აღმოცენებული, მაშასადამე - კერძო თვისებისა ზოგადი, საკაცობრიო ხდება და ერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც უნდა ეკუთვნოდეს იგი...

ნიჭიერი მწერალი ექიმია ცხოვრებისა და, თუ მწერალთა შორის სხვადასხვაობა იბადება, სხვადასხვა წამლის მიწვდა სნეულისათვის, ეგ ნიჭის და ინდივიდუალობის ბრალია.

ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებს სამი უმთავრესი მიმართულება ეტყობა, თუ კარგად დავუკვიდრებით:

პირველი ის, რომ ჩვენ მონანი ვართ ცხოვრების პირობებისა, უძლურნი ვართ მის წინაშე, - არ არსებობს თავისუფალი ჩვენი ნება, - ყოველი უბედურებაა ჩვენს თავს: უსამართლობა, უზნეობა, სიღარიბე, ყოველგვარი ცდომილება ამ პირობების ბრალია.

მეორე მიმართულება გვიკარნახებს, რომ ცხოვრების პირობები არაფერს შუაშია და, თუ ჩვენ, საზოგადოების წევრნი, პირადად არ გავუკეთესდებით, ათასი კარგი პირობებიც რომ შევქმნათ მაინც არაფრად ვევარგებით, უბედურები ვიქნებით, მაინც უსამართლობას, საწყლობას, უსწორმასწორობას თავიდან ვერ ავიცილებთო.

მესამე მიმართულება, აერთებს რა პირველ ორ მიმართულებას, ე. ი. ცხოვრების პირობათა ძლიერებას იღებს მხედველობაში, პიროვნებათა, ინდივიდთა გაუმჯობესებას მეტს ღირებულებას, მეტს მნიშვნელობას აძლევს.

აი სასწორი და საზომი, რომლითაც მწერალნი ჰზომავენ და სწონენ ცხოვრების მოვლენათა.

აღზრდისა, პირველ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ ზოგი პოეტი საგმირო მოვლენათა დაჰმღერის, მეორე ბუნებას, მესამეს თავის საგნად მდაბიო ხალხის ცხოვრება გაუხდია და სხვა.

აქედან წარმოსდგება თვისება, მიმართულება ნიჭისა, ხოლო სიღრმე აზრისა და გრძნობისა ნიჭის ძლიერებაზე, მის განვითარებაზეა დამოკიდებული.

ერთსა და იმავე საგანზე, თემაზე, ყველა პოეტი ერთსა და იმავე ღირსების თხზულებას ვერ დასწერს და ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საგანი მისის ნიჭის, შემოქმედების საზღვრების გარეშეა, არ შეესაბამება მის ნიჭსა და , თუ შეესაბამება, სუსტი ნაწარმოების დამწერი სუსტის ნიჭის პატრონად უნდა ვაღიაროთ.

ახალგაზრდა ნიჭს, რომელსაც ჯერ გზა ვერ გაუკვლევია, ბნელში ხელებს აფათურებს, ტირილზე ტირის, სიცილზე იცინის, ხოლო არ იცის, ვერ ჰხედავს ტირილი მგლისაა, თუ ცხვრისაა, სიცილი კეთილი ადამიანებისაა, თუ ავაზაკთა, ხშირად მისდევს მოდას, ბრბოს, დროების გემოვნებას, ჰღალატობს თავის ნიჭს, იმ ფესვებს, რომლებზედაც აღმოცენდა მისი ნიჭი და შემოქმედება.

ამ შემთხვევაში მას დახმარება კრიტიკამ უნდა გაუწიოს, დააყენოს შესაფერის გზაზე.

დიდი საქმეა მწერლისათვის, სცნობდეს იგი თავის ფესვებს; დიდი საქმეა მცენარისათვის, ერთს ალაგას იდგეს და მის ფესვებს არავინ სჩიჩქნიდეს და ერთი ადგილიდან მეორეზე და მესამეზე არ გადაჰქონდეთ, ხოლო ფესვები მწერლისა მის სიყრმის დროის სიცოცხლეშია გართხმული. იქ, სწორედ იმ მომენტიდან იწყება ამ ფესვების ზრდა, როცა პირველად მწერლის ნიჭი გაიღვიძებს, ცხოვრების, ბუნების შთაბეჭდილებათა წყალობით, როცა ის ან „ვაის" წარმოსთქვამს, ან „უის"...

სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი უკვდავია ადამიანის გულში საერთოდ, მით უმეტეს ნიჭიერი ადამიანისა, და ნიჭის სათავე და საწყისიც სწორედ იქ არის. პირველად პატარა ყლორტი ამოვა და, თუ არაფერმა შეუშალა ხელი, თანდათან ზრდას იწყებს და დიდ ხედ გაიზრდება. ასე სწარმოებს ნიჭის განვითარებაც.

ეს სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი ასმევენ პოეტს შემოქმედების ნექტარს. დარწმუნდით, რომ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ შექსპირმა და რუსთაველმა გაგვაგონეს ხმები „გულისა გასაგმირონი".

დიდად საჭიროა მწერლისათვის პატრიოტიზმი, თავისი ენის და ერის სიყვარული.

როგორ შეიძლებოდა, თქვენვე იფიქრეთ, რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა, ეგრძნო და ისე დაეწერა „ვეფხისტყაოსანი?"

ან დიდი მცოდნეც რომ ყოფილიყო მონღოლურის და არაბულის ენებისა და იმათ ენაზე დაეწერა თავისი უკვდავი ნაწარმოები, ის იქნებოდა, რასაც დღეს ვხედავთ? არც მესამედი!

პოეტისათვის ისევე საჭიროა უყვარდეს თავისი ერი და ამ სიყვარულს იმდენივე მნიშვნელობა აქვს მისთვის, რამდენიც ორთქმავლისათვის ორთქლსა, როგორც უორთქლოდ მანქანა არ დაიძვრის, ისე პოეტის შემოქმედება დუნეა, თუ იგი ამ სიყვარულმა არ აამოძრავა, აღშფოთება არ შთაბერა მას.

დედა-ენა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა ერთნაირი ამამოძრავებელი ძალაა და ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის ძალ-ღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა. თუ პირველი მარცხნივ უდგა და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოების ფორმას აძლევს.

წინდაწინვე განსაზღვრა ფორმის ნამდვილი პოეტისათვის ყოვლად შეუძლებელია, ფორმა უნდა მოჰყვეს თვით ნაგრძნობს და ნააზრევს. ნამდვილად ნაგრძნობს საგანს და ნაწარმოებს თან მოჰყვება ფორმა. როცა კი მწერალი კალამს ხელს მოჰკიდებს და ფორმის წინასწარ პლანის შედგენას, ძალდატანებას თვით შეუდგება, ნაწარმოების სისუსტის მომასწავებელია.

მკითხველი მხოლოდ მაშინ წამოიძახებს პოეტის ნაწარმოებზე: „რა კარგია, რა მშვენიერიაო", როცა სურათი, რომელიც მან დახატა, ისეთს სულიერს ტკივილებს აგრძნობინებდა მწერალს, როგორც ფიზიკური ტკივილი გულისა, თავისა, მთელის სხეულისა. ეს კი მოხდება მაშინ, როცა გულში მოხარშული სურათი ჩუმად მუჯლუგუნებსა სცემს პოეტს: „ჩქარა, ქაღალდი და კალამი, დამხატე, გააცანი ჩემი თავი ადამიანთაო". სურათის ქმნა პოეტის გულ-გონებაში მშობელ ენაზე სწარმოებს, ჩუმად, ყრუდ..

პოეტები თუ განსახვავდებიან ერთმანეთისაგან მიმართულებით, წერის საგანთა შერჩევით, ბევრშიც ჰგვანან ერთი-მეორეს. უყვართ სილამაზე, რომელსაც უსათუოდ ქალის სახით წარმოიდგენენ, - ბუნება, გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე, საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი, და სძულთ ძალმომრეობა, ადამიანისა ადამიანის მიერ დაჩაგვრა, მონობა და ზნეობრივი დაცემა, საერთოდ.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად მოწადინებულია გააბედნიეროს იგი, ვისაც დიდად უყვარს ცხოვრება და ენიაზება მისი გაუკეთესება, ამისათვის საჭიროა დიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მისი ცხოვრებისა.

იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც, რასაც თავად ჰგრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს, ვისშიაც ძლიერად სჩქეფს ეროვნული სისხლი, ვინაიდან ეს უმთავრესი ფესვია იმის შემოქმედებისა, ეს, როგორც ქართველი ერი ამბობს, „ალალი რძეა დედისა" და, ნუ ჰგონია ვისმე, - უამისოდ ნაყოფი გამოიღოს ნიჭმა.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისი ნაწარმოებიც, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, მით კიდევ მადას გიღვიძებს ახლად წაკითხვისას. მაშასადამე, ნაწარმოებში უნდა იყოს ჩაქსოვილი უკვდავი ჭეშმარიტება, სამარადისო მშვენიერება...

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისი სიცილიც ნამდვილი, ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილი, ნამდვილი ცრემლია და არა რაღაც წყალწყალა სითხე, - ვისაც, როცა უკანასკნელი წამი დაჰკრავს და სამარეში ჩაეშვება მწერლის გვამი, ჩანგი თან ლოცვა-კურთხევას ჩააყოლებს და არა სამდურავსაც.

ყალბი იყავ და ყალბად მაჟღერებდიო!

კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 203 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა