მთავარი » 2011 » აგვისტო » 28 » ვირი გახდა ჩემი შთაგონების წყარო:)
2:04 AM
ვირი გახდა ჩემი შთაგონების წყარო:)


 ვირი შრომისმოყვარე, გამრჯე, ზოგჯერ ჯიუტი, მაგრამ ჭკვიანი და ერთგული შინაური ცხოველია. იგი ცხენზე სამი ათასი წლით ადრე, ექვსი ათასი წლის წინ მოაშინაურეს ეგვიპტეში. მისი წინაპარია აფრიკული გარეული ვირი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ეთიოპიასა და სომალიშია შემორჩენილი და კანონითაა დაცული. ევროპაში ვირი  ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში მოხვდა, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი გაცილებით ადრე. ჩვენთან ვირი აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთშია გავრცელებული, თუმცა დასავლეთშიც გვხვდება.
        შინაური ვირები სამ ჯგუფად იყოფიან: აზიისა და აფრიკის პატარა, ნაკლებ ჯიშიანი ვირები; აზიისა და აფრიკის მსხვილი, ჯიშიანი ვირები (სირიული, ეგვიპტური, ჩინური) და საშენებში გამოყვანილი მსხვილი, ჯიშიანი ვირები, რომელთაც მხოლოდ  ჯორების მოსაშენებლად იყენებენ; მათგან საუკეთესოდ ითვლებიან: ამერიკული, კატალონიური (ესპანეთი) და პუტიეს (საფრანგეთი) ჯიშის ვირები.
        სანამ ცხენს მოაშენებდნენ, ყველა სამუშაოს ვირი ასრულებდა, ისინი ომებშიც კი იღებდნენ მონაწილეობას – ერთხელ სპარსეთის მეფე დარიუსმა, მათი დახმარებით სკვითების ლაშქარი დაამარცხა – მათ არასოდეს ენახათ ეს ცხოველი და რომ დაინახეს, ისე შეეშინდათ, რომ უკანმოუხედავად გაიქცნენ.
        ძველ საბერძნეთში, ჯერ კიდევ ჰომეროსის დროს, ვირებს დიდად აფასებდნენ – მათზე მოგვითხრობენ ჰესიოდეს და ჰომეროსის თქმულებები, მათ გამოსახულებებს უძველეს ლარნაკებზე შეხვდებით. როგორც მოგვითხრობს თქმულება, დიონისეს (ბახუსის) შეთავაზებულ ამალაში სილენებთან და სატირებთან ერთად ვირიც იყო. რომში ვირი ოჯახის კერის ქალღმერთს, ვესტას ეძღვნებოდა, ეს კი დიდი პატივი იყო,რადგანაც ვესტას კულტს განსაკუთრებული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.    
      ჰიპოკრატე და მისი მიმდევარი ექიმები, ვირის რძით მრავალ სენს მკურნალობდნენ, ამავე დროს, ეს რძე შესანიშნავ კოსმეტიკურ საშუალებად ითვლებოდა – იგი საოცარ სითეთრეს აძლევდა კანს, ამიტომ იმპერატორი ქალები და მდიდარი ქალბატონები ამ რძეში ბანაობდნენ. ვირს ეძღვნება გოიას შესანიშნავი კაპრიჩო: "წინაპრების ჰერალდიკით აღტაცებული ვირი".
     - ჩემი სხეული – ამბობდა  წმინდა ფრანცისკი – ჩემივე სულის ვირის ძმა არისო. ფრანცისკანელთა ორდენში შემავალი ბერი, ვირის ტყავით უნდა შემოსილიყო და ორდენის წევრებისთვის უნდა მიემართა: ძმებო, ვირებო, ვირი ვარ და ვირად მიმიღეთო.
      ვირთანაა დაკავშირებული ორი ცნობილი იგავი – ბიბლიური და ფილოსოფიური - "ვალაამის ვირი" და "ბურიდანის ვირი". ბიბლიაში პატივისცემით მოიხსენებენ ვირებს. მათზე მგზავრობდნენ აბრამი, მოსე და სხვა პატრიარქები.
მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, ცნობილია, რომ ვირის ბაგაზე იშვა და იერუსალიმშიც ვირზე შემჯდარი შევიდა. ქართული ლიტერატურის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ამ ცხოველისადმი დაწყებული იაკობ ცურტაველიდან, დიდი რუსთაველითა და სულხან საბათი, ყველა კლასიკოსისა თუ მომცროს გამოვლით და აგერ ჩვენამდის, ხომ რაღა აღწერს და ჩამოთვლის, ხოლო ეპითეტი – სახე-დარი – ქართულმა  ენამ მხოლოდ ვირისთვის გაიმეტა.



                   ვირი და კილიმანჯაროს თოვლიანი მთა

        კილიმანჯაროს თოვლიანი მთით გარშემორტყმულ მინდორში, სადაც წიგნებით დატვირთული ვირი ბალახს ძოვდა, მას მარტორქა გადაეყარა:
        -  უნდა შეგჭამოო! – დაემუქრა მარტორქა ვირს.
        -  რატომ, რა დაგიშავეო? – შეეკითხა ვირი.
        -  აბა, ამ სიშორეს, მარტოდმარტო რამ წამოგიყვანაო?
        -  შენც რომ მარტო ერთი რქა გაქვსო?! – თავისი ჭკუით ნიში მიუგო ვირმა და წიგნების ფურცვლა დაიწყო.
        - "გიჟია ვიღაცააო" - გაიფიქრა მარტორქამ და ვირი აღარ შეჭამა, მითუმეტეს ვირის ხორცი მაინც და მაინც არ უყვარდა და საერთოდ, ვირებისა არ იყოს, მარტორქებიც ბალახით იკვებებიან.

        მორალი: წიგნებით დატვირთული ვირი, კილიმანჯაროზეც  ვირად რჩება.


                

                         ვირი და წუთისოფელი

        წუთისოფლით გარშემორტყმულ მინდორში, სადაც ვირი ბალახს ძოვდა, იგი ხაფანგში გაება, რომელიც პატრონს ვირთხების დასაჭერად დაეგო. იქვე ბებერი თხა ძოვდა ბალახს:
       - ეგ რა დაგმართვია შე ვიროო?!
       - რაღა რა დამმართვია, არ ვიცოდი და ჩემივე პატრონის დაგებულ ხაფანგში გავებიო – შესჩივლა გატანჯულმა ვირმა.
        თხას შეეცოდა ვირი, ხაფანგიდან გაათავისუფლა და სახლამდეც მიაცილა.
        ეს რომ ვირთხებმა გაიგეს, მიიმალნენ.

    მორალი: "თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი".



                         ვირი და ანდალუზიელი გოგონა

    ანდალუზიით გარშემორტყმულ მინდორში, სადაც ვირი ბალახს ძოვდა, მომხიბლავი გოგონა გამოჩნდა, რომელიც ვირს მაშინათვე შეუყვარდა.
    ვირმა დიდხანს იფიქრა, როგორ შევაყვარო გოგონას თავიო, მერე გამაყრუებელი ყროყინი მორთო, ბოლოს კი, ნახეთ როგორი ღონის პატრონი ვარო და გოგონას წიხლიც კი ჩასცხო.
    გოგონას მართლაც შეუყვარდა ვირი, ხოლო ჭკვიანი ძაღლი, რომელიც აქამდე უყვარდა – გადაიყვარა.

    მორალი: თუ გინდა, რომ შეგიყვარონ, ხან ძაღლი უნდა იყო, ხანაც ვირი.


                                                
                                              
                  ვირი და ბულბული (ვირბულბულიანი)

    (მოგვიანებით მიეძღვნა სარდალ ვარდიკოს, როგორც პატარა ბექა ამბობს – ნაიბაიძეს)

    ვარდისფერად აყვავებულ, ატმის ხეებით გარშემორტყმულ მინდორში, ვირი ბალახს ძოვდა.
    ამ დროს, მაღლა, ცაში, ყვავი დაფრინავდა, თვალებით ვარდს დაეძებდა და თან ვირს დასჩხაოდა.
    ამ დროს, მინდვრის განაპირას, აყვავებულ ატმის ხეზე, ბულბული იჯდა და ვირს უგალობდა.
    ვირი მინდორში იდგა, ბალახს ძოვდა და ყვავის ჩხავილს უსმენდა ნეტარებით.
    ამ დროს ყვავმა ვარდი იპოვა, ჩხავილი შეწყვიტა და გალობა იწყო.
    მოგვიანებით, სახლისაკენ მიმავალი ვირი ფიქრებმა წაიღო: რა საოცარი ამბები მოხდა – ფიქრობდა ვირი – ვარდიკო გასარდლდა, ატამი გაყვავდა, ყვავი გაბულბულდა, მხოლოდ მე და ბულბული დავრჩით ისევ ვირბულბულადაო - ამ დროს გზაზე ხურმა იპოვა და ახალი საფიქრალი გაუჩნდა - ნეტავი ეს რა ხილიაო?

    მორალი: "რა ყვავი ვარდსა იპოვის, თავი ბულბული ჰგონია, ანუ ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია"


                          ვირი და არწივი

     მაღალი მთებით გარშემორტყმულ მინდორში ვირი ბალახს ძოვდა. ამ დროს მთიდან არწივი ჩამოვარდა და ფრთამოტეხილი ვირის წინ დაენარცხა.
      -  არწივო, მთასა მყვირალო,
      რამ ჩამოგაგდო ბარადა? – დაინტერესდა ვირი.
არწივმა დაიჩივლა:
      -  ფრთაი მაქვს მოტეხილიო
      და იმიტომაც ვყვირიო...
      -  თუ ეგ ფრთა არ გაგიმრთელე,
      ნუღარ ვყოფილვარ ვირიო –
გაეშაირა ვირი, მერე ფრთა აულოკა, გაუმრთელა, ცას დაბრუნებულ მადლიერ  და ბედნიერ არწივს სევდიანი თვალები გააყოლა და ძოვა განაგრძო.
           ვირს კი ზემოდან –
           დასცქერდა ლაღი არწივი
           და ლურჯი, ზღვისნაირი ცა:
   მორალი: ვირი არ ყველა ვირია,
           ვირიც არის და ვირიცა.
  


                              ვირი და სხვა

      სხვა ვირებით გარშემორტყმულ მინდორში, ჩვენი ვირი ბალახს ძოვდა. კარგად რომ გამოძღებოდა, ჩრდილს მიაშურებდა, წამოგორდებოდა, ლაზათიანად გამოიძინებდა და მერე ისევ ძოვას განაგრძობდა. ერთი სიტყვით, უსაქმურობდა, მცონარობდა და ნებივრობდა. ასე გრძელდებოდა დიდხანს და ცხადი იყო, რომ ასეთი ცხოვრება კარგს არაფერს მოიტანდა და მართლაც ერთ დღეს ვირმა იგრძნო, რომ იყვნენ ღმერთნი მისთა უფალის გარეშე და კიდევ ჰქმნა თავისა თავსა კერპი, სცა მას თაყვანი, ემსახურა და მოიღო სახელი უფლისა ღვთისა თავისა ამაოსა ზედა.
       ამას გარდა, ვირმა კვირაში ექვსი დღე, ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელა – ყველა საქმეს მეშვიდე დღისთვის, შაბათისთვის მოიტოვებდა, შაბათს კი, დილიდან დაღამებამდე ვირივით მუშაობდა, დედის და მამის პატივისცემა დაჰკარგა, კაცი მოკლა, მრუშობას მიჰყო ხელი, მეზობელ ვირს თივა მოჰპარა და მერე ცილი დასწამა – შენ თვითონ შემოგეჭმებოდაო, მოყვასის ცოლზე გული მიუვიდა, მერე კი სახლის, ყანის, მონის, მხევლის, ხარის, კარაულის და ყოვლის წართმევა მოუნდომა იგივე მოყვასს.
     ამდენ ცოდვას აბა ვინ აპატიებდა და ეს ყოველი პატრონმა რომ გაიგო, ვირს ყველაზე მძიმე ტვირთი აჰკიდა და ყველაზე გრძელ გზას გაუყენა.
     ვირი ახლაც გზაშია და კაცმა არ იცის, როდის მიაღწევს ან მიაღწევს თუ არა იგი დათქმულ ადგილს, მით უფრო, რომ არავინ არ იცის სადაა ეს ადგილი.
     თუმცა, ღმერთმა, ალბათ ყველაფერი იცის.

მორალი:
1)    მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი ჩემსა გარეშე;
2)    არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე  და რაოდენი  არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა და ქვეშე ქვეყნისა, არა თაყვანი სცე მათ და არცა მსახურებდე მათ;
3)    არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა;
4)    მოიხსენიე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი, ექვს დღეს იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმენი შენი, ხოლო დღე იგი შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა;
5)    პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათ კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა;    
6)    არა კაც ჰკლა;
7)    არა იმრუშო;
8)    არა იპარო;
9)    არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუთათა;
10)    არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმოდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა რაიცა იყოს მოყვასისა შენისა.

                                        08. 1994 წ.    



                          ვირი და ზვიგენი

    დიდი ოკეანეებით გარშემორტყმულ პატარა მინდორში კეთილი ვირი ბალახს ძოვდა.
    ამ დროს, ერთ-ერთი ოკეანედან ბოროტმა ზვიგენმა ამოყო თავი და ვირს შეჭმა დაუპირა.
       - ნუ შემჭამ და რაც გინდა, ის მთხოვეო – შეევედრა კეთილი ვირი.
       - აბა შენ რა უნდა გთხოვო, ერთი ის მითხარი, აქ როგორ
გაჩნდიო? – შეეკითხა ბოროტი ზვიგენი.
       - ამ წვეტიან ქვას ხომ ხედავ, დავკარი ფეხი და ისე გავჩნდიო – მიუგო კეთილმა ვირმა.
    ბოროტი ზვიგენი ამოხტა ოკეანედან, დაენარცხა წვეტიან ქვას და იმ წამსვე სული გააფრთხო.
    კეთილმა ვირმა სევდიანად გადახედა მკვდარ, მაგრამ მაინც ბოროტ ზვიგენს და ბალახის ძოვა განაგრძო, ხოლო არსება მისი იყო გრძელი.

მორალი: "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია".



                           ვირი და დავითი
            (ვჩუქნი გიორგი მესხს, რომელიც მოგვიანებით გამამლუქდა)
                        
    ადამიანებით გარშემორტყმულ მინდორში, ვირი ბალახს ძოვდა.
    ადამიანები შრომობდნენ: ზოგი ხნავდა, ზოგი თესავდა, ზოგიც იმკიდა.
    ვირის პატრონს, დავითს, არაფერი დაუთესია, იდგა, სხვებს შესცქეროდა და ფიქრობდა – ნეტავი ეს ხალხი რასა წვალობსო?
    ვირი მინდორში იდგა და ბალახს ძოვდა.
    დრო კი გადიოდა...
    ადამიანები შრომობდნენ: ზოგი ხნავდა, ზოგი თესავდა, ზოგი იმკიდა, ზოგიც ჭირნახულს აბინავებდა.
    ზოგს სიმინდი მოსვლოდა, ზოგს ხახვი, ზოგს კიტრი და ზოგსაც ლობიო.
    ვირის პატრონი დავითი კი, რაც არაფერი დაუთესავს, რას მოიმკიდა, იდგა გაკვირვებული და თავს აქნევდა – ზოგს სიმინდი მოუვიდა, ზოგს ხახვი, ზოგს კიტრი და ზოგსაც ლობიო – მე კი, ნეტავ, რატომ არაფერი მომივიდაო?
    ამ ფიქრებში იყო, რომ ვირს წამოკრა ფეხი, დაეცა და თავი გაიტეხა, თუმცა სახელი გადაარჩინა და ისევ დავითი ერქვა.

     მორალი: "რაც მოგივა დავითაო,
             ყველა შენი თავითაო,"
     ანუ:   "თავის გატეხვა ჯობია,
            სახელის გატეხვასაო,"
     ანუ:   "რასაც დასთეს – იმას მოიმკი."



                  დამოუკიდებელი ვირი და ვირუსები

(ვუძღვნი შალვებს, ნუნუკებს და სხვებს, უფრო გამოჩენილებს, მაგალითად გურამ პეტრიაშვილს – მრავალმხრივ შემოქმედს)

    ვირუსებით გარშემორტყმულ მინდორში ენაბლუ, უპატრონო, ესე იგი დამოუკიდებელი ვირი ბალახს ძოვდა. რადგანაც უპატრონო იყო და საქმესაც არავინ ავალებდა, დრო რომ მოეკლა, დროდადრო, ცოტათი რომ გაძღებოდა და თავი ჭკვიანი და ყოჩაღი ეგონა, ომახიანად დაიყროყინებდა ხოლმე: "ჰაიტ, თქვე ვირ-რუსებოო!"
    ვირუსებს, თუმცა იცოდნენ, რომ ვირი უსაქმური და ენაბლუ იყო, სწყინდათ ეს ორმაგი შეურაცხყოფა, ამიტომაც თავიანთ, ვირის ენაზე რომ ვთქვათ, ვირ-რუსულ საქმეს გაათკეცებული ვირ-ტუოზობით აკეთებდნენ და სულ მალე, მთლად გავირუსებულ მინდორში, სადაც მოსაძოვიც არაფერი დარჩენილიყო, კუჭაშლილი, აჟღვინტლებულ-აცრემლებული, ენაბლუ, მთლად უპატრონო, ესე იგი მთლად დამოუკიდებელი ვირი, ფეხზე ძლივსღა იდგა და ყროყინის თავიც აღარ ჰქონდა.

მორალი: თუ ვირი ხარ, თანაც ენაბლუ და უპატრონო, თავი რომ გამაძღარი, ჭკვიანი და ყოჩაღიც გეგონოს, ჯობია ჩუმად ძოვო და ლაზღანდარობის მაგიერ, რაიმე საქმე აკეთო.

                        


                     ვირი და ნდობის ფაქტორი

                     ვუძღვნი სახელმწიფოს მეთაურებს

     საძაგელი ადამიანების ნდობის ფაქტორებით გარშემორტყმულ მინდორში, ვირი ბალახს ძოვდა და თანაც ყველას ენდობოდა.
     ეს ამბავი ცუდად დამთავრდა.

     მორალი: ნუ ენდობით ყველას, მით უმეტეს საძაგელ ადამიანებს, თორემ შეიძლება ეგ ამბავიც  ცუდად დამთავრდეს.

    

კატეგორია: ფილოსოფია | ნანახია: 4925 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა