მთავარი » 2011 » აგვისტო » 29 » რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს?
5:23 PM
რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს?




ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთმა გრიგალმა "ირენმა" გადაუარა. სტიქიის შემოტევამ ნიუ-იორკის მერი აიძულა, ქალაქის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიეღო - გამოეცხადებინა სანაპირო ზოლში დასახლებული მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია.

ნგრევა და უბედურება ქარიშხლის ბუნებრივი შედეგია, უცნაური მხოლოდ ის არის, რატომ ნათლავენ ოკეანიდან მოვარდნილ ამ "მონსტრებს" კაცობრიობის ნაზი და მშვენიერი არსებების სახელებით.

როგორც აღმოჩნდა, ეს ტრადიცია მეორე მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს. ომამდე კი გრიგალებსაც  ისე არქმევდნენ სახელებს, როგორც ქალაქებსა და კონტინენტებს. მაგალითად, 1825 წლის 26 ივლისს წმინდა ანნას ხსენების დღეს პუერტო-რიკოს გრიგალმა გადაუარა, რომელსაც წმინდანის სახელი "სანტა ანნა"დაარქვეს, ხოლო 1828 წლის 13 სექტემბერს მოსულ გრიგალს, იმავე საბაბით - "სან ხოსე" უწოდეს. სხვათა შორის, 48 წლის შემდეგ, ისევ 13 სექტემბერს "სან ხოსე" კვლავ მობრუნდა და ერთხელ კიდევ დააქცია პუერტო-რიკოს სანაპირო.

მეტეოროლოგიური სამსახურების ჩამოყალიბების დღიდან პრაქტიკაში შემოვიდა ტაიფუნებისა და გრიგალებისათვის სპეციალური ნომრების მინიჭება. ეს წესი მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების მეტეოროლოგებმა მცირედ შეცვალეს და გრიგალებისთვის თავიანთი ცოლებისა და შეყვარებულთა სახელების დარქმევა დაიწყეს. ამ ტრადიციამ ისე მოიკიდა ფეხი, რომ 1960 წელს სპეციალური კომისიის მიერ ლათინური ალფავიტის მიხედვით ჩამოწერილი ქალთა სახელების სიაც შედგა, რომლის მიხედვით, მოვარდნილ გრიგალებს სახელს თანმიმდევრობით დაარქმევდნენ.

სიაში სულ ალფავიტის 21 ასო დატოვეს, დანარჩენი ამოიღეს, ვინაიდან მათზე იშვიათად იწყება ქალთა სახელები. დაწესდა ექვსწლიანი ციკლი, თითოეული წლისათვის განკუთვნილი სახელების კომპლექტით. ყოველი 6 წლის თავზე ათვლა თავიდან იწყება. 1979 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ამერიკის მეტეოსამსახურთან შეთანხმებით, სახელთა ჩამონათვალში მამაკაცის სახელებიც ჩართო.

თუმცა, სახელთა შერქმევის პრინციპი ვერ აღმოჩნდა სრულყოფილი. მაგალითად, 2005 წელს მოვარდნილი გრიგალების რაოდენობამ 21-ს გადააჭარბა და სპეციალისტები იძულებული გახდნენ, ბერძნული ალფავიტისთვის მიემართათ. ასე ამოვარდა ტაიფუნები - "ალფა" და "ბეტა."

წელს ამერიკის კონტინენტს 20 გრიგალი უკვე დაატყდა თავს, შესაბამისად, დარჩენილია ერთადერთი სახელი - ვილმა. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც კომისიამ ესა თუ ის სახელი სიიდან სამუდამოდ ამოშალა, ვინაიდან მათი ხსენება ძალზე უარყოფით ასოციაციებს აღუძრავდა ადამიანებს. ასეთი ბედი ერგო "კატრინას"(შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ძლიერ გრიგალს). სწორედ ამ სახელწოდების გრიგალმა 2005 წელს მიწის პირიდან აღგავა ახალი ორლეანი. 2007 წელს სიიდან ამოვარდნენ ასევე დინი, ფელიქსი და ნოელი. დღემდე "შერისხულთა" რიცხვში სულ 70 სახელია.

მსოფლიოში გრიგალებისათვის სახელის შერჩევის სხვა მეთოდებიც არის ცნობილი. ცნობილი ავსტრალიელი მეტეოროლოგი კლემენტ როგი გრიგალებს ქვეყნის პარლამენტის იმ დეპუტატთა სახელებს არქმევდა, რომლებიც მეტეროლოგიური კვლევებისათვის თანხების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიოდა პარლამენტში.

ბუნებრივი კატაკლიზმებით ცნობილ იაპონიაში კი კატეგორიულად აკრძალეს გრიგალებისათვის ქალთა სახელის შერქმევა. ეს ბუნებრივიცაა - მათთვის ქალი სინაზისა და თავშეკავებულობის სიმბოლოა.


კატეგორია: ბლოგი | ნანახია: 816 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა