მირზა გელოვანი - 6 სექტემბერში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » მირზა გელოვანი
6:02 PM
მირზა გელოვანი

მირზა გელოვანი

მირზა გელოვანი – Mirza Gelovani (1917 – 1944)

ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

***

ერთი ღამე

ოცდამეექვსე გაზაფხული წავიდა.
გადაჰყვა გრიგალს, ჩრდილებში ნაქსოვს.
იმ ცხრა ათას ხუთას შვიდი ღამიდან
მე ერთი ღამე მახსოვს.

რას ჰგავდა ის ღამე, თენებას არ ჰგავდა,
არც სიბნელე ახლდა შენი თვალების,
და მხოლოდ სახელი ღამის ერქვა, რადგან
დღის შემდეგ მოვიდა ნამკრთალები.

მოვიდა, სულში კლდესავით ჩამოწვა
და ახლაც არ ვიცი, ის ღამე რა იყო,
ღამე – სამხრეთში რომ მხრებზე დავიდგი,
ღამე – ჩრდილოეთსი გულით რომ წავიღე.

და ძალიან ხშირად, როდესაც გვიანი
იელვებს ყვითელი, წითელი ფერები,
ადგება ის ღამე ადამიანივით
და შუადღისას გზაში მეფერება.

***

მელოდე

მე დაბრუნდებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.

შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.

და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.

გეტყვიან… ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.

…და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.

***

ნუ მწერ…

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

***

გმირობა მისას

თოვლით დაფარულ ნაძვების ახლოს
ის იწვა ერთი,
და უცქეროდა ღრუბლების მაღლობს
თვალებით თეთრით…
არც ხმლის ნატეხი, არც ბუდე ისრის
არ ეგდო სადმე,
მხოლოდ შემხმარი მოშავო სისხლი
შვენოდა წარბებს.
ამ სისხლს ხსოვნისთვის გულზე წაიცხებს,
მკერდით დაიცავს,
გმირობას მისას არ დაივიწყებს
რუსეთის მიწა.

***

მათე ზალკას

სულო, შენ გახსოვს, როგორ წამოდგა
ღამეების და ყინვის ანთება,
როგორ ურტყამდა ცა რკინის მოდგმას
და მტერთან სისხლის არდამართებას.

სიკვდილის მახე, მხრებთან დახრილი,
უკვდავებისკენ უფრო გვახელებს,
თქვენი სახელი, როგორც მახვილი,
ჩვენ, უსახელო ძმებს გვასახელებს.

ო, გვასახელებს, რომ ხსოვნის გვერდით
მოკრძალებულთა თრთოდნენ ზოლები,
რომ ღაღადებდნენ სიმაღლეს ბედის
და სილამაზეს თქვენი ბრძოლების.

სიკვდილისა და ცეცხლის მახლობლად
გზა შორი იწვა მშობელ მიწამდის,
მაინც იცავდით ხარკოვს, კახოვკას,
ჩვენს რეპუბლიკურ მიწას იცავდით.

მათე!.. ქართული გერქვათ სახელი,
თუ ქართველებსა ჰქვიან უნგრული,
მე თქვენი სულის სუნთქვა მახელებს
და თქვენი გზების მძლავრი გუგუნი.

***

…ცას შეასწორებს უცნობი ხელი

ცას შეასწორებს უცნობი ხელი,
დაუსრულებელს და უყავაროს,
ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,
მზეების ჩემის აღმოსავალო.

სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,
როგორც უხრია სწორი ვერხვები,
მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი
და შენს ურონო მხრებს დავეხრები.

მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას,
თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა,
რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა
გადამწვას შვილი მზეთა ქვეყანის.

კატეგორია: პოეზიის მარგალიტები | ნანახია: 216 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა