მთავარი » 2011 » აგვისტო » 14 » პანამის არხი
6:18 PM
პანამის არხი


მნიშვნელოვანი სანაოსნო არხი, რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხის მშენებლობა იყო ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი საინჟინრო პროექტი, რომელიც კი ადამიანს დღემდე განუხორციელებია. არხის აშენება დიდად წაადგა საერთაშორისო ტვირთზიდვას, ვინაიდან სატვირთო გემებს უკვე აღარ სჭირდებოდათ კონტინენტის შემოვლა გრძელი და საშიში მარშრუტით დრეიკის სრუტესა და ჰორნის კონცხთან სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში. ამჟამად გემს ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში 9.500 კმ-ის გავლა უწევს, რაც თითქმის 2.5-ჯერ ნაკლებია ადრინდელ 22.500 კმ-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეა პანამის არხისა ადრეულ XVI საუკუნეში ჩაისახა, პირველი მცდელობა არხის აშენებისა მხოლოდ 1880 წელს განხორციელდა ფრანგების მეთაურობით. თავდაპირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და პროექტის დასრულება შემდგომში აშშ-მ იკისრა. არხი 1914 წელს გაიხსნა. 77 კმ სიგრძის არხის მშენებლობას ბევრი სირთულე სდევდა თან, მათ შორის ტროპიკული ავადმოყოფობები (მალარია და ყვითელი ცხელება) და მასიური მეწყერი. არხის მშენებლობაზე დაახლ. 27.500 მუშა დაიღუპა.

გახსნის შემდეგ არხს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა და დღემდე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. ყოველწლიურად არხზე 14.000 სატვირთო გემი გადის ჯამური 203 მილიონი ტონა თვირთგამტარიანობით. 2002 წლისთვის არზე მისი გახსნის დღიდან 800.000 გემმა გაიარა.

აღსანიშნავია, რომ არხის წყნარი ოკეანის სანაპირო 20 სმ-ით მაღალია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ამ სხვაობის დასარეგულირებლად, არხის სხვადასხვა მონაკვეთში აგებულია ე.წ. რაბები და ჭიშკრები, რომელიც არეგულირებს წყლის დონეს.

იმის გათვალისწინებით, რომ პანამის არხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა, ის უკვე ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე გემების მოთხოვნებს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ გატარებას. ამიტომ დღის წესრიგში დადგა მისი გაფართოების და გაუმჯობესების საკითხი, რაც ჯერ კიდევ 1939 წელს განიხილებოდა. 2006 წლის 22 ოქტომბრს რეფერენდუმით, პანამის მოსახლეობის 78%-მა მხარი დაუჭირა არხის გაფართოებას. სამუშაოები 2007 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდება.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, არაერთხელ გაჩნდა იდეა პანამის არხის კონკურენტი არხების გაჭრისა. ვარიანტებად განიხილებოდა გაჭრა მექსიკის, ნიკარაგუის და კოლუმბიის ტერიტორიაზე. თუმცა, საბოლოოდ ეს ვარიანტები უგულებელყოფილ იქნა.

მოსახლეობისთვის პანამის არხის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლის სხვადასხვა საშუალებები არსებობს. ბოლო დრომდე, ამის ერთადერთი საშუალება იყო 1942 და 1962 წლებში აშენებული ხიდები, თუმცა 2005 წელს გაიხსნა სუპერთანამედროვე ხიდი, რომელსაც ავტომობილების 6 ზოლად გატარება შეუძლია.

პანამის არხის გახსნამ, ეკოსისტემა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა, ვინაიდან აქ მილიონობით წლების შემდეგ ერთმანეთს შეუერთდა წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას.

არხს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან. პანამაში ზაფხული ძალიან ცხელი და ტენიანია, ამიტომ წელიწადის ამ დროს პანამის მონახულება მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ტურისტებს შორის ძალზედ პოპულარულია არხის გავლა და დათვალიერება საკრუიზო გემით.

კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 1090 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა