მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » მესაფლავე (გალაკტიონი)
5:58 PM
მესაფლავე (გალაკტიონი)


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—
"გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —
ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: "ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: "შემიყვარდი, შემიყვარდი,
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
"თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...
მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
კატეგორია: პოეზიის მარგალიტები | ნანახია: 1027 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა