6:35 PM ყოველივეს სჯობს,საკუთარი აზრი გქონდეს!!! | |
ერთხელ მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ვირზე იჯდა, ხოლო მისი შვილიშვილი, პატარა ბიჭი კი ვირს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად მათ წინ გამვლელი შემოხვდათ. – ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის. საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილა, მისი შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებენ, – თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა. მაშინ მოხუცი ჩამოქვეითდა და ვირზე ბავშვი შესვა, თვითონ კი ვირს წინ გაუძღვა. მათ მეორე გამვლელი შემოხვდათ: ბავშვს შერცხვა და სთხოვა მოხუც პაპას, რომ ვირზე მასთან ერთად შემჯდარიყო. მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ორივე ვირზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა. მალე მათ მესამე გამვლელი შემოხვდათ. – საწყალი ცხოველი, ჩუმი, უტყვი, რახან მას ლაპარაკი არ შეუძლია, ასე უნდა გაიმეტოთ. ორივე წამომჯდარხართ ვირზე და არ ფიქრობთ, რომ მას არ შეუძლია ერთდროულად თქვენი ტარება. მაშინ მოხუცი ვირიდან ჩამოქვეითდა და შვილიშვილსაც უბრძანა ჩამოსვლა. ისინი ფეხით გაუძღვნენ ვირს და ასე გააგრძელეს გზა. გარკვეული მანძილი რომ გაიარეს მათ კიდევ შემოხვდათ გამვლელი, რომელმაც დასცინა მოხუცსა და შვილიშვილს: – ვირს არავითარი ტვირთი არ ჰკიდია და ესენი ფეხით მიჰყვებიან ვირს. აი, ნამდვილი სულელები. მაშინ, მოხუცი მოუბრუნდა პატარა ბავშვს, მხარზე ხელი დაადო და უთხრა: – ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |