მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » ლადო ასათიანი
6:14 PM
ლადო ასათიანი


რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი,

ჩემი ხორგო და მარანი,

ჩემი ცეცხლი და ღადარი,

სახლის წინ ნაგრიგალარი,

გაფითრებული ჭადარი,

ჩემი კავი და სახნისი,

ჩემი თონე და ბეღელი

და დედა, დიასახლისი,

ჯანღონე გაუტეხელი,

ჩემი პაწია ქოთანი,

დუღილით ნაქოთქოთარი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

ვარდებიანი ბარდნარი

და გუმარეშის ყანები!

თოხი პირგამოპირული,

გაციებული ბინული...

გახსოვს, ტყეები? ირიბად

ხეზე დაკრული თარჯები…

ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,

შეყვარებული დარჩები …

გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,

თევზაობა და აპრილი?

გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,

და ძლივს რომ მივაბიჯებდით,

სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით

მისგან დამთვრალი ბიჭები?

გახსოვს, ღვინიან შემოდეგს

აივანზე რომ შემოვდექ?

გახსოვს, აფთარი ზამთარი,

ან გაზაფხული - პირიქით?

გახსოვს, ამტყდარი ავდარი

და სარეწკელას ბილიკი?

გახსოვს, სოფელი ლარჩვალი

და მეწისქვილე დამხრჩვალი?

გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი

და ვარდიგორას ხანძარი

და დიდი გუჯუ ბატონი

თავისი ქამარ-ხანჯალით?

ხან ისე იყო, ხან ასე,

გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?

ეჰ, რა იქნება ხელახლა

დაიწყებოდეს თავიდან,

რაც დროის დენამ შელახა,

რაც დროსთან ერთად წავიდა!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

შენ, მამაჩემო, რად დარდობ,

რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, დედილო,

რომ ლექსი გამაბედვინო?!

რად არ ჭიხვინებს ვეება

ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?

ჰეი, ბავშვობის დღეებო,

დაბრუნდებოდეთ ნეტავი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი!


1940



####

საქართველოში იბადებოდნენ

და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:

ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.


თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,

ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს

ერთი იმედით: სიცოცხლე მარად

გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.


საქართველოში როცა კვდებოდნენ,

უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:

ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!


ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,

ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!

ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,

მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.


რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,

როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!


1939

####

ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,

ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!

თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი

დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.


აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი

(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება),

ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,

მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.


მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,

ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,

"ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,

და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.


ვეტყვი: „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,

ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი,

მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო

და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!"


— ”თვითრჯული" იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,

სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა,

ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,

არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!


— შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,

რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,

უყვარდა მტკვარი, მტკვარზე — ტივი, ტივზე — ტიკები,

გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!


— როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში,

ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო,

გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:

სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…


— არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი

ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,

ეჰ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,

უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა!


— ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!

(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)

თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,

არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!


ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,

ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ…

დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი —

ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!


მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,

ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,

მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას

და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!


1940

####
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ფართოდ გაშლილი და მოხატული

თამარ დედოფლის დარბაზივითა.


"კაცის გული ისეთია,

ვით მორევი შავი ზღვისა:

რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,

მაინც ენატრება სხვისა!”


დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,

გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!

გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,

საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!


დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,

ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,

ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში

საქართველოს ცხელი გული ასვენია!


დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,

რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!

დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,

რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!


დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,

ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.

დაუკარით ძველებური დარდიანი,

დაუკარით არწივების ასაფრენი!


ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,

მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,

დავიღლები საქართველოს სიყვარულში,

სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!


დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...

და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,

დაუკარით ძველებური მოსალხენი:

- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!


დაუკარით ძველებური ლოთიანი,

საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,

დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!

განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!


დაუკარით ძველებური ლოთიანი,

თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,

გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,

წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!


”ვაჟკაცსა გული რკინისა,

აბჯარი თუნდა ხისანი,

თვალნი ქორებულ მხედავნი,

ზედ მუხლნი შავარდნისანი”.


ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ფართოდ გაშლილი და მოხატული

თამარ დედოფლის დარბაზივითა!


1940






















კატეგორია: პოეზიის მარგალიტები | ნანახია: 1063 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა