მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » ვაჟა ფშაველა
6:21 PM
ვაჟა ფშაველა



არწივი ვნახე დაჭრილი,

ყვავ-ყორნებს ეომებოდა,

ეწადა ბეჩავს ადგომა,

მაგრამ ვეღარა დგებოდა,

ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,

გულისპირს სისხლი სცხებოდა.

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,

თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს

გაშლილს, გაფანტულს ველადა!


1887 წ.

####

ისევ შენ, ისევ, ქალაო,

მომხედე, გამიცინია.

შენ მაინც ნუ მიღალატებ,

მოვკვდები - დამიტირია.

მაღლისა მთისა წვერზედა

საფლავი გამითხაროდი,

ჩემის სამშობლოს ქვიშანი

ხშირ-ხშირად მომაყაროდი.

ქვეყნისგან დავიწყებულსა

შენც დამივიწყებ მალეო,

მალე იშოვი საქმროსა,

უკან გაჰყვები ხვალვეო.

ემ კლდეებს მაინც შესტირე

დანაბარები ჩემია:

იდგნენ გულ-სალნი ამაყად,

არ შამაუშვან მტერია!

ნუ დაიწყებენ ჩამოშლას...

არწივთ მოზარდონ წიწილნი,

დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,

მალ-მალ მაიღონ ბიბინი;

მთებმა ახარონ ყვავილნი,

კისრით ატარონ ნისლები,

მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -

ისევ ცოცხალი ვიქნები.


1886 წ.

####

მე რომ ტირილი მეწადოს,

თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?

ერთი იცინის, სხვა სტირის:

ესეთი არის ქვეყანა.

ვისაც არ მოგწონთ ტირილი,

ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:

მტირალის სტვირის პატრონი

ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა!

მაგრამ გაიგებთ, ერთხელაც,

ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა.


1886 წ.



####ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი,

წყალს მიმეც ადევებულსა.

შორს დამრჩა სატრფო გულისა,

იმისთვის დაფეთებულსა.

ის ჰგოდებს... ვაი ჩემს თავსა,

ყველასგან გამეტებულსა,

კარგის არადროს მნახველსა,

უმწეოს, გარეტებულსა!

არ იქნა, ვერ მოვესწარი

მე საქმეს გაკეთებულსა.


გავხდი მდინარის სათრევლად,

მის ლამის დასალამადა.

ან სატრფოს რაღა ვუშველო,

ვიცი, რომ არის ავადა.

წამლები უნდა, ექიმი,

როდი მორჩება თავადა!

შავად დავიწყე ცხოვრება

და მითავდება შავადა.


ვაჰ, ხიდო, ხიდო, რა გითხრა,

უგნურის ხელით ნაგებო!

ვაჰ, სატრფოვ, ობლად შთენილო,

სამოთხის მსგავსო თვალებო,

ვერ შევხვდით ერთი-მეორეს,

მკვდარი ვეღარას გარგებო!


1908 წ.
კატეგორია: პოეზიის მარგალიტები | ნანახია: 1190 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა