მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » ადამიანი ადამიანისთვის დღეა...
9:21 PM
ადამიანი ადამიანისთვის დღეა...




"ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს…" ო. ჭილაძე

"ადამიანის ცხოვრება, მის მეტ-ნაკლებად მნიშველოვან საქციელთა ჯამია… ყოველი ჩვენგანი განუწყვეტლივ მოქმედებს, ქმნის ან ანგრევს… და ყოველივე ამას, აუცილებლად, ზნეობრივ საფუძველს უმარჯვებს… ჩვენი საქმეების შენობა ჩვენივე ზნეობის საძირკველზე დგას.”

"სიყვარული ზეცის სუნთქვაა, იღბლიანიც და უიღბლოც. ზეცის სუნთქვას კი რა შეაჩერებს… ჩვენ, ადამიანებს, ისე გვიყვარს ერთმანეთი, შეიძლება ამ სიყვარულით ყველაფერი მოვიმოქმედოთ. დიდ სიყვარულს კი გაძლება უნდა, გარკვევა და სწორი გზა უნდა; და თუ ამას ვერ გავუძელით, შეიძლება დავასრულოთ ყველაფერი… სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს…”

"სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა, ანგელოზის ენით ნათქვამი. მთავარია შენ გიყვარდეს, გიყვარდეს ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდო… გიყვარდეს… რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ…”

"სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… ადამიანი ადამიანისთვის დღეა…” "სამოსელი პირველი”

"დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე…”

გ. ჩოხელი


ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.ოტია იოსელიანი


"ღმერთო… ისმინე ვედრება ჩემი: დაასრულე ადამიანობა! დაასრულე ეს სიცოცხლე: – ნაკლოვანი, სიკვდილი რომ სჭირდება განახლებისთვის და ავადმყოფობა – სიძლიერისთვის… მახინჯი და სამარცხვინოა დაბადება ჩვენი და მახინჯია სიკვდილი ჩვენი – ლპობა და დაშლა… ღმერთო, შეურაცხყოფილი ვარ ცხოვრებით, სიცოცხლით, ადამიანობით! შეგვადუღე, თუკი მაინც ეს გვიწერია, მოგვხარშე, გამოგვწვი, აზილე ჩვენი ნაცარტუტა და გამოძერწე სულ სხვა არსება: ძლიერი, შეუბღალავი და კეთილშობილი, რომელიც ილივლივებს წყალში, ჰაერში. სახლი იქნება მისთვის მიწაც და მიწისქვეშეთიც… დახურე, ღმერთო, დედამიწის ლაზარეთი… წალეკე დრო, სისხლი და ხორცი და ჩვენი ნაცარტუტა ახალ თიხად გამოიყენე…"

ნ. გელაშვილი, „დედის ოთახი"



"მარადისობის კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…"

ნ. დუმბაძე


კატეგორია: აზრები | ნანახია: 4445 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა