მთავარი » 2011 » აგვისტო » 6 » ერთ დღეს ნაფიქრი
2:40 PM
ერთ დღეს ნაფიქრი

ქუჩას ხმაური მობეზრდა და ოთახს – სიჩუმე.
ვერც შემოდგომის ქართა ჩურჩული აღვიძებს ღამეს,ჩაძინებულს საღათას ძილით.
რა დაუდევრად დაუფენიათ ხეებს ფოთლები _ ფერადები...ამ ტროტუარზე...
ცა ისევ საცერს უტყაპუნებს დაკოჟრილ ხელებს.
ცივ ჰორიზონტზე გზა ჩანს უვალი.
და მარტოობა ... გარდაუვალი.
თუ დაღლილობამ დაღალა სული,ხსნა არ არსებობს...
დილა ცივია,მძიმე ნისლი ბორმასავით აწვება სივრცეს,სველი ასფალტი მზის სხივს ნატრობს – შორეულ სატრფოს.
სატრფო დამალებს ქაჯეთის იქით,ქაჯმა ღრუბლებმა.
მზის პირის ნაბანს ურიგებენ მიწას ხურდებად,როგორც თვალებადქცეულ მშიერ მათხოვარს.
სწორედ ის დროა,როცა მაძღარი მათხოვრები სავარძლებში ჩაფლულან და ნოხებს აწმენდენ ლაფიან ფეხებს.და ქაღალდებში იქექებიან,სადმე არ დარჩეთ ტალახის ლაქა,როგორც ყვითელ სილაზე სველი ნაფეხური...
მშიერ მათხოვრებს – ქუჩა მასპინძლობს.
ცეცხლიდან ისე ვერ გამოაღწევ,კვამლით ფილტვები არ აგევსოს.სამყარო მარადი ცეცხლია.
ხელისგულიდან წამოსული სიცოცხლის ხაზი სიკვდილთან წყდება.
და ყველაფერი არაფერია....
დაპურებული ასკილის ბუჩქი უბრალოების სრული სახეა.მას არ სჭირდება მებაღის ხელი,როგორც სინდისს – შელამაზება.
დღეს აღარ გვჯერა ერთმანეთის გამჭვირვალობა და არ გვსურს ჩავხედოთ ერთურთს თვალებში.
ეშმაკის მდგმურის ქირა ხარკია,იმაზე ბევრი,რაც ვუხადეთ მტარვალთ ბეგარა...
დამტვერილ წიგნებს ვერ მოვტაცეთ გამოცდილება _ გადარჩენისთვის.
ქუჩის ხმაური რატომ გვიკვირს,ხმაურს ხომ ჩვენ ვქმნით...
მზე მაშინ გვინდა,როცა არ მოჩანს...
და მოდის დარდით,ჩვენს წასალეკად.
ცა ისევ საცერს უტყაპუნებს დახეთქილ ხელებს,ცივის შეგრძნება ჟრჟოლას მატებს მობუზულ ქალაქს.
ახლა,ამ წავიმაში,ამ ღამეში,შემოდგომა დააბოტებს კარიდან – კარზე და ხურდას ითხოვს,რომ ავადმყოფი დედამიწა გადაარჩინოს გარინდებისგან...
კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 830 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა