მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » სალვადორ დალი
8:25 PM
სალვადორ დალი

სალვადორ დალი XX საუკუნის ხელოვნების მითი და რეალობაა. მისი სახელი სიცოცხლეშივე მსოფლიო დიდების შარავანდედით იყო მოსილი. პაბლო პიკასოს გარდა ალბათ ვერავინ შეედრებოდა პოპულარობაში. უსაზღვრო ფანტაზიითა და ვირტუოზული ტექნიკით აღბეჭდილი მისი ნახატები ფანტასმაგორიებს წარმოადგენენ. აბსურდულობამდე მისული ექსტრავაგანტურობით, არამოტივირებული ქცევით, პატივმოყვარეობით ქმნიდა ნიადაგს საკუთარი პერსონის მითად გადასაქცევად. დალიმ თავისი შემოქმედების პრინციპები საკუთარ ცხოვრებაზეც გადაიტანა, ის სიცოცხლის ბოლომდე ანცვიფრებდა საზოგადოებას ექსტრავაგანტური საქციელითა და გამონათქვამებით.
სალვადორ ხასინტე ფელიპე დალი დამენეჩ კუსი ფარესი, ანუ უბრალოდ სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს, კატალონიის პატარა ქალაქ ფიგერასში, ადვოკატის ოჯახში. მისი შემოქმედებითი უნარი ადრეულ ბავშვობაში გამომჟღავნდა, სახლში ყოველმხრივ ახალისებდნენ ხელოვნებით მის გატაცებას. ჩვიდმეტი წლის ასაკში იგი ჩაირიცხა მადრიდის სან-ფერნანდოს ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში, სადაც ბედმა შეახვედრა ფედერიკო გარსია ლორკასთან, ლუის ბუნუელთან, რაფაელ ალბერტისთან. შესანიშნავი პოეტი და მხატვარი ალბერტი ასე იგონებდა იმ წლებს: "მე ძლიერ მიყვარდა სალვადორ დალი. მის ღვთიურ ტალანტს საოცარი შრომისმოყვარეობა განამტკიცებდა”.
დალი არასოდეს ზოგავდა ფულს და სანამ ჰქონდა, ყოველთვის ყველას მაგივრად იხდიდა. მისი ასტრონომიული ხარჯების გაცნობისას მამამისს ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი შვილი ჰარამხანას ინახავდა და ყოველთვიური ხარჯები მინიმუმამდე შეუმცირა. ეს ეჭვები კი სრული აბსურდი იყო, რადგან "მისთვის არაფერი არსებობდა, ფერწერის გარდა”.
მხატვრის შემოქმედებაში უხვადაა მეუღლის პორტრეტები, იგი მისი უსაყვარლესი მოდელი იყო, მხატვრის მეორე "მე”-ს განსახიერება. გალა საოცარი არტისტიზმით გამოირჩეოდა. წარმოშობით რუსი, არისტოკრატი, ელენე დიაკონოვა თავიდან პოეტ პოლ ელუარის ცოლი გახლდათ, რომელმაც უწოდა კიდეც მას "გალა”, რაც ფრანგულ ენაზე წააგავს სიტყვებს – "საზეიმო”, "ზეიმი”. მათი ქორწინების შემდეგ გალამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დალის ცხოვრებასა და შემოქმედებაში”.
დიდი შემოქმედი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში. დალის – ცოდვილისა და მართალის, მისტიფიკატორისა და მეამბოხის ცხოვრება ხანგრძლივი იყო, მაგრამ არა მარადიული, თუმცა მხატვრის ნაწარმოებებმა, მან, რაც დალიმ მთელ კაცობრიობას დაუტოვა, მისი სახელი უკვდავების შარავანდედით შემოსა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1066 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა